ნოდარ აბულაძე

ნოდარ აბულაძე - დაიბადა 1929 წლის 15 სექტემბერს, ხულოს რაიონის სოფ. ვაშლოვანში. არასრული საშუალო სკოლის დამთვარების შემდეგ სწავლა განაგრძო ხულოს ვაჟთა პედაგოგიურ სასწავლებელში. 1947-1948 წლებში მუშაობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. 1948-1952 წლებში კი სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დაინიშნა ხულოს რაიონის დიოკნისის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ერთი წლის შემდეგ დაწინაურებული იქნა სასწავლო ნაწილის გამგედ.
1956-1958 წლებში იყო ხულოს რაიონის პედაგოგიური სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და რაიონულ გაზეთ `კოლექტიური შრომის~ პასუხისმგებელი მდივანი, 1958-1960 წლეებში ამავე გაზეთის რედაქტორი და გაზეთ `საბჭოთა აჭარის` საკუთარი კორესპონდენტი.
1960-1971 წლეებში პარტიის ხულოს რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, კოლმეურნეობების, საწარმოო სამმართველოს პარტიული კომიტეტის ინსტრუქტორი, 1971-1973 წლებში პარტიის ხულოს რაიკომის მდივანი. 1973 წლის ნოემბრიდან ის კვლავ დაუბრუნდა სახალხო განათლების ფრონტს და გარდაცვალებამდე (1978 წლის 7 მაისი) ხელმძღვანელობდა ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილებას. ის არაერთხელ იყო არჩეული საქართველოს კომპარტიის ხულოს რაიკომის ბიუროსა და რაისაბჭოს აღმასკომის წევრად, რაიონული საბჭოს დეპუტატად. იყო საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის ყრილობის დელეგატი. დაჯილდოებული იყო სახალხო განათლების სამკერდე ნიშნით, მედლებითა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. გამოირჩეოდა საქმის ღრმა ცოდნით, გულისხმიერებით, პრინციპულობით, იყო საოცრად სუფთა და უმწიკლო კაცი, თვინიერებითა და თავდაბლობით გამორჩეული, `სავსე ქართულ პატიოსნებით,~ თავად არ თხოულობდა ლიდერობას, პირველ კაცობას, სხვებისთვის მაგალითად ქცევას, ის თავისთავად მოდიოდა, როცა ის ისეთ რამეს მოიფიქრებდა სხვა, რომ ვერ მოიფიქრებდა, როცა ისეთ რამეს იტყოდა, სხვა რომ ვერ იტყოდა, `როცა ისეთ რამეს დაწერდა სხვა რომ ვერ დაწერდა, რითაც ავტორიტეტიც და აღიარებაც თავისთავად მოდიოდა.
მის ბიბლიოთეკაში შემონახული ხელნაწერები ადასტურებს მის მაღალ ნიჭიერებას, ლოგიკური აზროვნების უნარის ფართო დიაპაზონს, მხატვრულ გემოვნებას, საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ღრმა და საფუძვლიან ცოდნას, ქართულ-ეროვნული ხასიათების ნიუანსებში წვდომის უნარს, წერის კულტურას.