იუსტინე აბულაძე

იუსტინე აბულაძე ირაკლის ძე - დაიბადა 05. 04 1874 წელს, სოფ. როკითში, ახლანდელი ბაღდათის რაიონი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე (ქართული-სომხური-სპარსული ფილოლოგიის განხრით), რომელიც 1900 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. ცნობილი ქართველი ფილოლოგი, ირანისტი, რუსთველოლოგი, ტექსტოლოგი და ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938 წ) პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902 წლებში იმოგზაურა შუა აზიასა (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) და დასავლეთ ევროპაში (ვენა, ბერლინი, პარიზი), სადაც გაეცნო სპარსული ხელნაწერების კოლექციებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი, ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან, გარდაცვალებამდე განათლების ამ დიდი კერის სამსახურს შესწირა თავი. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს. მანვე შეადგინა პირველი სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას. აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: ,, ვეფხისტყაოსანს ”, ,, შაჰნამესა და ,, ვისრამიანს ”. მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, შეადგინა მათი ვრცელი ლექსიკონი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას. გამოსცა ,,შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის” ქართული ვერსიები I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა ,, ვისრამიანის” ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი. მან პირველმა თარგმნა ომარ ხაიამი (1924), დაადგინა მთელი რიგი გეოგრაფიული და საკუთარი სახელების ეტიმოლოგია. ორჯერ გამოსცა ,, ვეფხისტყაოსანი ” (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი შემდეგ პოემის პირველ საიუბილეო გამოცემას (1937) დაერთო. ვეფხისტყაოსნის გმირთა სახელების ეტიმოლოგიის კვლევაში მას ყველაზე დიდი წვლილი აქვს. ეს საკითხები მან გაარკვია თავის შრომებში: ,, ვეფხისტყაოსანი ”-ს ამბის სადაურობისა და მისი დამწერის გარშემო, ,, ვეფხისტყაოსანი ” -ს ორი უმთავრესი გმირის სახელი ,, ტარიელ ” და ,, ავთანდილ ” ეტიმოლოგიისათვის, ,, ავთანდილის ეტიმოლოგიისათვის” (იხ. ი.აბულაძე, რუსთველოლოგიური ნაშრომები, თბილისი, 1967 ) ხსენებულ შრომებში მან შეეხო პოემის სხვა გმირების სახელებსაც: ნესტანდარეჯანის, ფარსადანის, როსტევანის, შერმადინის, ნურადინ ფრიდონის, ფატმანისას. მან დაადგინა არაბულ-სპარსული ეტიმოლოგიური მნიშვნელობანი ზოგიერთი სახელებისა და ამჯერად ჩვენთვის ამოსავალი წერტილია მისეული კვლევა. გარდაიცვალა 1962 წლის 1 ივნისს თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.