ილია აბულაძე

ილია აბულაძე ვლადიმერის ძე - ფილოლოგი , ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენელოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1946 წ), პროფესორი (1947 წ), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტი (1950 წ), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961 წ). დაამთავრა თსუ -ს სიტყვიერებისა (1926 წ) და საენათმეცნიერო (1929 წ) განყოფილებები. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ - სომხური ფილოლოგიის პრობლემებისადმია მიძღვნილი, მან ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართულ - სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ორმხვრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლების მეცნიერულ - კრიტიკული პუბლიკაციები (იაკობ ცურტაველი, მარტვილობაი შუშანიკისი. თბილისი 1938 წ. სულხან - საბა ორბელიანი თხზ. ტ. 4 ლექსიკონი ქართული. წიგნ. 1 -2 . თბილისი 1956 – 1966 წწ ), მის სახელთანაა დაკავშირებული კავკასიელ ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937 წ).