ალექსი აბულაძე

ალექსი აბულაძე გიორგის ძე - დაიბადა 1920 წლის 14 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ ფხვენისში. 1937 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის N 1 ქართული საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო ქ. სარატოვში საკრედიტო - ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1937 წელს 17 თანასოფლელთან ერთად ალესის მამა გიორგი აბულაძე რეპრესირებული და გადასახლებული იქნა შუა აზიაში ქ. ჩირჩიკში. ოჯახის მთელი სიმძიმე დააწვა დედას ქალბატონ ვარვარას. 1939 წელს მე- 2 კურსის სტუდენტი ალექსი აბულაძე გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. მონაწილებდა ფინეთის ომში. 1941 წლის ივლისიდან იბრძოდა მე-2 მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე, 145 -ე მსროლელი დივიზიის 403 -ე პოლკის შემადგენლობაში, 1942 წელს სმოლენსკთან გაჩაღებულ სამკვდრო - საციცოცხლო ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და დემობილიზებული იქნა წითელი არმიის რიგებიდან, როგორც დიდი სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი. რამოდენიმე თვე იმუშავა ქ. სარატოვის 42 -ე საშუალო სკოლაში, სამხედრო სწავლების ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში მეუღლე ვალენტინა პრივალოვასთან ერთად. მათ შეეძინათ 3 შვილი: გიორგი, ვლადიმერი და ნუგზარი. ალექსი აბულაძე აქტიურად ჩაება შრომით საქმიანობაში. მუშაობდა ქ. ცხინვალის აღმასკომის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ, არჩეული იყო კომკავშირის ცხინვალის საქალაქო კომიტეტის მდივნად. 1944 წელს შევიდა სკკპ რიგებში. 1945 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული სასწავლებელი, მუშაობდა ლენინგორის (ახალგორი) რაიონის პროკურორის თანაშემწედ, შემდგომ ცხინვალისა და ზნაურის რაიონების სახალხო მოსამართლედ. 1948 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქ. გორში. მუშაობა დაიწყო გორის ბამბეულის კომბინატის მშენებლობის იურისტ კონსულტანტად და კადრების განყოფილების გამგედ, N9 მშენებლობის სამმართველოს ტრესტის ავტოტრანსპორტის კანტორის უფროსად, 1959 წლიდან ტრესტის მმართველის მოადგილედ. 1966 წელს დაუსწრებლად დაამთავრა მოსკოვის კუიბიშევის სახელობის სამშენებლო ინსტიტუტი. 1968 წელს დაინიშნა ქ. ბორჯომის N12 საამშენებლო ტრესტის მმართველად, 1969 წელს გადაჰყავთ სასოფლო მშენებლობის სამონისტროს N3 ტრესტის მმართველად, 1969-1983 წლეებში ტრესტმა ააშენა მრავალი სახალხო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი სამცხე - ჯავახეთში, ქართლში და შიდა ქართლში. მიღწეული წარმატებებისათვის ალექსი აბულაძე არა ერთგზის იქნა დაჯილდოებული საკავშირო სამინისტროს გარდამავალი წითელი დროშით, იყო სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშუირო გამოფენის საპატიო დაფაზე. 1975-1989 წლეებში N3 ტრესტი საკავშირი ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით სამუშაოებს აწარმოებს ქ. ვოლოგდაში არა შავ ნიადაგიანი მიწების ათვისებისათვის, ოლქში აშენებული იქნა ახალი დაბები და დასახლებები. ალექსი აბულაძე მრავალჯერ იყო არჩეული პარტიის გორის საქალაქო და რაიონული კომიტეტის წევრად, ქალაქის და რაიონის საბჭოების დეპუტატად, ქალაქის აღმასკომის წევრად. დაჯილდოებულია: ,,ოქტომბრის” რევოლუციის, და ,, სამამულო ომის” პირველი ხარისხის ორდენით, 13 საბრძოლო და შრომითი მიღწევების მედლით. ალექსი აბულაძე გარდაიცვალა 2005 წლის 21 იანვარს 84 წლის ასაკში.